ოქტომბერი
გამაცოცხლე მზესუმზირის
ყვავილებით,
შემასუნთქე შენი
ეზოს ცხელი მტვერი,
შემაფრქვიე შენი
წყაროს სავსე ჭიქა,
სულს მოვითქვამ,
„დაგეცალოს ასე მტერი...“
შენი სახლის სარდაფებში ჩარჩენილი,
ღვინისა და შმორის სურნელს დაძველებულს,
გამახსენებს ოქტომბერი და ეს რთველი,
სიყვარულს და სადღეგრძელოს დაძალებულს....
აგვისტოში რად
არ მოხველ კაკლის ძირას,
თავსაფრიანს რომ
გელოდი სულ-შეფსკვნილი,
სხვა არჩიე ჩემს
გაცრეცილ ჩოხის კალთას,
ვერ გამოვდექ
სიყვარულში მეც შექსპირი...
განა ვნანობ, რომ ხარბად ვერ შევისუნთქე,
მაშინ
შენი სურნელების ეთერები,
სხვანაირად ვერ შევეხე შენს საყელოს,
სხვანაირად
დღეს შენს ეზოს ვეფერები...
09.10.2013
No comments:
Post a Comment