Sunday, November 27, 2016

არა ფრანკი ანას დღიურებიდან...

გაცდით თქვენს ყოველდღიურ მარშრუტებს.... დაივიწყეთ ნაცნობი სახეების სურათები... გაცდით კორპუსების სახურავებს..... დაშორდით საქმეების სიას.... გაზარდეთ მასშტაბი... დაიტანეთ თქვენი ცნობიერების რუკაზე მხოლოდ ის გრანდიოზული შენობები, რომლებზეც სვეტებივით მყარად არის დაფუძნებული თქვენი ცნობიერება..... აიხედეთ მაღლა.... თქვენი თვალი ისეთივე უფსკეროა, როგორიც ახლობელი და ნაცნობი კოსმოსი.... მოადუნეთ ფოკუსი... მზერა უფრო დიდ, თუნდაც ბუნდოვან სურათზე გადაიტანეთ... უსმინეთ საკუთარ სხეულში სისხლის მიმოქცევას... ის გალაქტიკების ბრუნვასთან ჰარმონიაში მოძრაობს..... იცეკვეთ... იცეკვეთ ისე, როგორც თქვენს სხეულს მოესურვება და მოეწონება.... მოიწონეთ საკუთარი სხეული... იგრძენით საკუთარი სილამაზე... იმოძრავეთ ნელა... შეაჩერეთ მზერა შორეულ ჰორიზონტზე და მოცემული წუთით დატკბით..... დაივიწყეთ დეტალები... დეტალებს არა აქვთ ღირებულება.... დაივიწყეთ ოცნება... და ყველა ოცნება თავისით შემოგაფრინდებათ ხელებში...... განიცადეთ სხვისი ტკივილი... არ შეეწინააღმდეგოთ სევდას... ცრემლებს.... დაიცალეთ.... რომ შემდეგ ისევ აივსოთ.... ისევ დაიცალეთ და შემდეგ უფრო კრისტალური წყლით აივსეთ პირამდე....... დაიოკეთ წყურვილი... მაგრამ თუ არ გწყურიათ არ იძალადოთ საკუთარ თავზე.... მიუშვით ნებაზე გული..... გონება თავისით აუწყობს მას ფეხს... ისინი მარტივად, ჰარმონიულად, მეგობრულად აუხსნიან ერთმანეთს თავისი კონტრასტულობის აუცილებლობას..... და სადღაც შუაში, შუა გზაზე, შუა შარაზე სიყვარულში შეერწყმებიან ერთმანეთს........ თქვენ გამთლიანდებით... მთლიანი სფეროსავით.... მზიანი ბურთივით იგორავებთ დედამიწაზე...... ამოისვრებით ტალახში.... ჩაქრებით... ჩამოდნებით... შემდეგ ისევ გაღვივდებით..... გავარვარდებით..... სითბოს სიმხურვალეს და გზნებას სხვებსაც გაუნაწილებთ..... გულს რომ იჯერებთ მტკივნეული ნეტარებით გაიგლიჯებით შუაზე ორ ნაწილად და თქევ შობთ ახალ სიცოცხლეს... ახალი მზის ბურთს..... შვილს......

Tuesday, January 26, 2016

დამელოდე... ( жди меня) - კონსტანტინ სიმონოვი

დამელოდე, დავბრუნდები,
დამელოდე ძალიან,
დამელოდე, კაეშანი
როცა წვიმის ბრალია...
            დამელოდე თოვლში, მზეში,
როს ყინვები ლღვებიან,
დამელოდე მაშინ, როცა
სხვებს არ ელოდებიან,
დამელოდე, როს შორიდან
აღარ მოვა წერილი,
როცა სხვების მოლოდინსაც
დაესმება წერტილი...
            დამელოდე, დავბრუნდები
და არ გაიზიარო,
ვინც არ უნდა გითხრას: - აწი
მარტომ უნდა იარო...
დაიჯეროს დედამ, შვილმაც,
რომ აღარ ვარ ცოცხალი,
ცეცხლთან მსხდარმა მეგობრებმაც
გადმოღვარონ კურცხალი..
            მჟავე ღვინით სავსე ჭიქას
            მოგაწვდის მეგობარი,
            დამელოდე, არ იჩქარო
            შესვა შესანდობარი...
დამელოდე დავბრუნდები
ჯიბრზე ყველა სიკვდილის,
და ვინც აღარ დამელოდა,
- იღალბალიო, ის იტყვის..
            არ დამლოდემ ვით გაიგოს
            ნატყვიარის სისველე,
            და რომ შენი მოლოდინით
            დაჭრილს როგორ მიშველე...
სიკვდილს როგორ გადავურჩი
მხოლოდ ჩვენზე მღერიან,
რადგან მხოლოდ შენ მელოდი,
როგორც არვის ელიან...


თარგმანი ა.ჭ. 26.01.2016 


Жди меня, и я вернусь.
Только очень жди,
Жди, когда наводят грусть
Желтые дожди,
Жди, когда снега метут,
Жди, когда жара,
Жди, когда других не ждут,
Позабыв вчера.
Жди, когда из дальних мест
Писем не придет,
Жди, когда уж надоест
Всем, кто вместе ждет.
Жди меня, и я вернусь,
Не желай добра
Всем, кто знает наизусть,
Что забыть пора.
Пусть поверят сын и мать
В то, что нет меня,
Пусть друзья устанут ждать,
Сядут у огня,
Выпьют горькое вино
На помин души...
Жди. И с ними заодно
Выпить не спеши.
Жди меня, и я вернусь,
Всем смертям назло.
Кто не ждал меня, тот пусть
Скажет: - Повезло.
Не понять, не ждавшим им,
Как среди огня
Ожиданием своим
Ты спасла меня.
Как я выжил, будем знать
Только мы с тобой,-
Просто ты умела ждать,
Как никто другой.

1941

Friday, November 27, 2015

ოქტომბერი

გამაცოცხლე მზესუმზირის ყვავილებით,
შემასუნთქე შენი ეზოს ცხელი მტვერი,
შემაფრქვიე შენი წყაროს სავსე  ჭიქა,
სულს მოვითქვამ, „დაგეცალოს ასე მტერი...“
            შენი სახლის სარდაფებში ჩარჩენილი,
            ღვინისა და შმორის სურნელს დაძველებულს,
            გამახსენებს ოქტომბერი და  ეს რთველი,
            სიყვარულს და სადღეგრძელოს დაძალებულს....
აგვისტოში რად არ მოხველ კაკლის ძირას,
თავსაფრიანს რომ გელოდი სულ-შეფსკვნილი,
სხვა არჩიე ჩემს გაცრეცილ ჩოხის კალთას,
ვერ გამოვდექ სიყვარულში მეც შექსპირი...
            განა ვნანობ, რომ ხარბად ვერ შევისუნთქე,
მაშინ შენი სურნელების ეთერები,
            სხვანაირად ვერ შევეხე შენს საყელოს,
სხვანაირად დღეს შენს ეზოს ვეფერები...


09.10.2013

Thursday, November 19, 2015

მწვანე "კერასინკაზე" ქვაბით გაცხელებული, ტაშტში განელებული წყლით და "კრუშკით" ბანაობის დიდი მოყვარული არ ვარ... თუმცა მგონია, რომ ურთიერთობების, ღირებულებების, ერთსულოვნების, სოლიდარობისა და მეგობრობის კუთხით ამ 90-იანებს მაინც სულ სხვა ფასი და ხიბლი ჰქონდა.
14 წლის ვიყავი.. მთელი უბნის გოგო-ბიჭები ერთად დავირაზმებოდით და საოცარი ენთუზიაზმით ვათენებდით პურის რიგში ღამეებს. ცეცხლს დავანთებდით, ვმღეროდით, ანეგდოტებს და კურიოზებს ვყვებოდით, გაუთავებლად ვიცინოდით, ვტინგიცებდით.. ერთად ყოფნა გვიხაროდა... სიცოცხლე გვიყვარდა... ჩამოტყაული და პირქუში რეალობის რატომღაც არ გვეშინოდა და ხალისით მივაგორებით დღეებს...
ჩემი კლასელი და ჩემი შეყვარებული, რომელიც ახლა ჩემი მეუღლე და ჩემი შვილების მამაა, ჩემს მეზობელ კორპუსში ცხოვრობდა... საზიარო უბანი და სამეგობრო  გვყავდა და ეს ყველაფერი გაჭირვებულ, ულამაზო და არარომანტიულ რეალობას სწორედაც რომ მდიდარ, ულამაზეს და რომანტიულ ელფერს სძენდა. ერთად  ყველაფერი  ფერადი და საინტერესო იყო... ყველანი ერთი ლამპის მბჟუტავი სინათლის ირგვლივ ვიკრიბებოდით და ერთად, საერთო, საზიარო ცხოვრებით ვცხოვრობდით.. ვინაწილებდით სითბოს, ლუკმას, სატკივარს, სიხარულს.. პირდაპირი გაგებით...
არ იკეტებოდა მეზობლების კარი... გავდი-გამოვდიოდით.. ერთმანეთს აივანზე ცეცხლის დანთებაში ვეხმარებოდით... სიმწრით გაკეთებულ სადილს ერთად და ტკბილად შევექცეოდით... ყოველ საღამოს, თუ შუქი იყო, ვიკრიბებოდით და ორ-კასეტიან მაგნიტოფონში, რადიოდან ჩაწერილ სიმღერებზე ვცეკვავდით, ან ერთი ელექტრო რადიატორის ირგვლივ ვიჯექით... ყველას ერთი დიდი პლედი გვქონდა რადიატორზე გადაფარებული და პლედის ქვეშ ხელებს და ტრაკუცუნებს ვითბობდით... რომ ჩაქრებოდა სინათლე, რადიატორის სითბო კიდევ კარგა ხანს გვყოფნიდა და ასე ბოლო წუთამდე ვიჯექით... გიტარაზე ვუკრავდით... ვმღეროდით... სიცივეში დაშლა და დასაწოლად წასვლა გვეზარებოდა... საძინებლებში ყინავდა... სახლში, დღის ბოლოს უკვე სასუნავიც აღარ იყო.. აღარც ტელევიზორი და სხვა გასართობი... მეორე დღეს ისევ გაყინული დილა, პურის რიგი, აივანზე, ქარში ცეცხლის დანთება, ნავთის სუნი და სიღარიბე გველოდა..... და მაინც სულ ვიცინოდით.. ამოუწურავი წყარო გვქონდა სიცილ-კისკისის... ახალგაზრდული, უდარდელი და უშიშარი სიცილ-კისკისის შადრევანის... პატარები და გამოუცდელები, ცხვორებასთან ბრძოლაში გაუწვრთნელები, გაჭირვების და ტკივილის არ მცოდნენი.. და მაინც ყველაფრითვის მზად მყოფნი.. ოპტიმიზმით, ხალისით, და რაც მთავარია სიყვარულით ვეგებებოდით დღეებს, ერთმანეთს, გაჭირვებას, საფრთხეს.. თვით სიკვდილსაც კი... ერთად ვიყავით და არაფრის არ გვეშინოდა.... ერთად ყველაფრის დაძლევა შეგვეძლო...

გამოხდა ხანი... შეიცვალა დროება... ბევრმა წყალმა ჩაიარა...  მღვრიემაც და ანკარამაც... გამოვიარეთ ომები... რევოლუციები... დავძლიეთ სიდუხჭირე.. მივიღეთ განათლება... დავოჯახდით...  სამსახურები ვიშოვეთ... წამოვიწყეთ ბიზნესი...  შევღებეთ ფასადები.. დავაგეთ გზები.... გავიყვანეთ ინტერნეტი... შევიძინეთ სმარტფონები, აგარაკები.. ჯიპები... ქალაქი გამოცოცხლდა... მოვიდა პროგრესი...
და აქვე ავღნიშნავ, რომ  პროგრესის და მხოლოდ პრეოგრესის მომხრე ვიყავი, ვარ და ვიქნები ყოველთვის.. თან არა მარტო მომხრე, არამედ მუდამ ვისწრაფვი პროგრესისკენ... ტექნოლოგიურისკენ და სულიერისკენ.. ყოველ დღე ვცდილობ რაღაც ახალი გავიგო, თუნდაც მცირედი... ყოველ დღე, ყოველ წუთს ვმუშაობ საკუთარ თავზე... ყოველ წუთს ვცდილობ უფრო დიდი და მთლიანი სურათის დანახვას, ვიდრე გუშინ ვხედავდი... გეგმისა და მიზნის გარეშე არ თენდება და არ ღამდება.. სულ მინდა რაღაც უკეთესი... და სულ ვცდილობ წარსული უკეთესი მომავლისთვის გამოვიყენო.. უფრო სწორად უკეთეს აწმყოდ ვაქციო... ჩემი უკეთესი ვერსიის შექმნას მოვახმარო, პირადად ჩემი სახით და ასევე მომვალი თაობის სახითაც... ასე რომ მხოლოდ მივესალმები პროგრესს... მაგრამ....
რაღაც წაგვართვა პროგრესმა... რაღაც დავკარგეთ... სადღაც რაღაცაში შევცდით და რაღაც გამოგვრჩა... რა მოხდა... ???
საზიარო სიხარული.. საერთო ტკივილი... ერთმანეთის გვერდში დგომა.. მეგობრობა დავკარგეთ.... ნამდვილი მეგობრობა... დავკარგეთ უპირობო სიყვარულის უნარი... მეზობლის კარი ჩაიკეტა.. მეგობრის გული დაიკეტა... ჩვენი გამაერთიანებელი ლამპის მბჟუტავი სინათლე ჩაქრა და გამყოფი და დამშლელი სილქნეტი ჩაირთო... სუფრასთან ხალასი ჟრიამული მიჩუმდა და ფეისბუქის მდუმარე კედელი აღიმართა... ყველა და ყველაფრისგან რაღაცას ველით... შური და ანგარება შემოგვიჯდა გვერდებში.. ბრენდებს გადავაყოლეთ ლაღი და გულწრფელი ურთიერთობები... იარლიყების თაობად ჩამოვყალიბდით...
თუმცა მჯერა, ჯერ კიდევ არსებობს შანსი... შანსი გადარჩენის... შემობრუნების... მოქცევის... ნამდვილი პროგრესის...! ჩვენ ვართ ის თაობა, ვინც იხილა ჯოჯოხეთი და ამიტომ აქვს შანსი იხილოს სამოთხეც...! ჩვენ ვართ ის გარდამტეხი ძალა, ვინც წარსულის სიბნელე, სიცივე, ტკივილი და შეცდომა, სწორედაც რომ პროგრესისთვის უნდა გამოიყენოს. არა იმ პროგრესისთვის, რომელიც გაგვთიშავს და დაგვაშორებს ერთმანეთს.. არა იმ პროგრესისთვის, რომელიც დააკნინებს ჩვენში ადამიანს, არამედ იმ პროგრესისთვის, რომელიც გაგვახსენებს, თუ როგორ გვიყვარს ერმანეთი... გაგვახსენებს როგორ ხელიხელ ჩაკიდებულებმა გამოვიარეთ სვანეთის მთები, სადაც ყველას ერთად გაგვეყინა ჩვენი სერთო შვილები.. გაგვახსენებს, როგორ ერთად ვიგლოვეთ სამშობლოს დაცემა და როგორ ერთად ავაყენეთ ერთმანეთი ფეხზე.
 იმ ტექნოლოგიური და სულიერი პროგრესის სინთეზს ვგულისხმობ, რომელიც დღეს მოგვცემს საშუალებას,  ერთად ვიზეიმოთ ერთმანეთის წარმატება, გვიხაროდეს ერთმანეთის დოვლათი.. ისევ გავხსნათ ყველა კარი და ფანჯარა.... გადავყაროთ იარლიყები... და მატერიალური რესურსი და ტექნოლოგიური პროგრესი ჭეშმარიტად თავისუფალი, ჭეშმარიტად ქართული და ჭეშმარიტად პროგრესული თაობის აღსაზრდელად გამოვიყენოთ!
ასეთი პროგრესი მინდა მე! ასეთი პროგრესისთვის ვიბრძოლებ!

დასასრულს ვიტყვი, რომ არამც და არამც არ მივტირი არაფერს (წარსულს, რეგრესს.. 90-იანებს, გაჭირვებას). უბრალოდ მიხარია, რომ ცხოვრებამ ჩვენს თაობას ესეთი მრავალფეროვანი გამოცდილება შესძინა... ესეთი შეუცვლელი იარაღით აგვღჭურვა... ნუ დავყრით ამ იარაღს! მხოლოდ პროგრესისთვის თუ გამოგვადგება იგი! 

Wednesday, November 4, 2015

მთელი ცხოვრებაა მეწერინება.. ხან ლექსები.. ხან დღიურები... ჩანახატები... მაგრამ ნაწერით მუდმივად უკმაყოფილოს, სულ მერიდება გაზიარება... მოვახვიო თავს ვინმეს ჩემი ემოცია და ნაფიქრალი.. შევიჭრა ადამიანის განცდების საკუჭნაოში და თავდაყირა დავაყენო იქაურობა.. მერიდება კიდევ იმის გამოც, რომ ჩემი ძალიან პირადული, სულის კუნჭულებში შენახული ამბების და სურათების გამოფენა, სარისკო საქმედ მეჩვენება... ვაი თუ გაბრაზდნენ, გამკიცხონ, დამცინონ, მატკინონ.... არა და რამდენი გავბედე, იმდენი გასაოცარ სითბოს და სიყვარულს წავაწყდი... გულწრფელ, ნამდვილ გრძნობებს, ფაქიზ აკორდებს მონატრებული და მოწყურებული მეგობარი ან უბრალოდ მკითხველი, საოცარი სიხარბით ისრუტავს გადმოცემულ სენტიმენტს... თვალები უბრწყინავს და ჩუმად მაგრძნობინებს, რომ ბედნიერია რომ გადაგვეყარა მე და ჩემს ბატიფეხურ ნაწერს.... მეც იმ წუთით ალბათ 10 წლით მიხანგრძლივდება სიცოცხლე და მიათმაგდება ენერგია... ვეება ტალღასავით მასკდება ბედნიერება.. რომ გავარდე ქუჩაში და ისეთი რამ ჩავიდინო, ყველას რომ ეშველოს ამ დედამიწაზე (და სადმე სხვაგანაც, თუ უჭირს კიდე ვინმეს) ...

ჩემი ოცნებაა არ იყოს ომი..! საერთოდ შიშის გრძნობა არ დამსდევს თან ცხოვრებაში. თამამად (ხანდახან ზედმეტადაც) მივაბიჯებ გზატკეცილზეც და ციცაბო ბილიკზეც.. მაგრამ ომის მეშინია... ყველგან და ყოველთვის ... მარტო ჩემს მახლობლად კი არა.. ყველგან და ყველასთვის... საშინლად მტანჯავს ომი... არ მაძინებს.. სულ იმ ადამიანებზე მაფიქრებს, ვის ირგვლივაც ომია... არა და სულ ომია... სადაც არ გაიხედავ, სულ ტანჯვა და გოდებაა... მე კიდე დავდივარ სამსახურში.. ისეთი გამომეტყველება მაქვს, ვითომ საქვეყნო საქმეებს ვეჭიდები... ილუზიაში, რომ საქმეს ვაკეთებ, ნამდვილ საქმეს... დავდივარ მაღაზიებში, ვათვალიერებ ვიტრინებს... ვუსმენ მუსიკას... ვკითხულობ წიგნებს... ვასეირნებ შვილებს... ვესწრები კონცერტებს... გამოფენებს... და თან სულ ომზე ვფიქრობ...! უცებ, გაგანია სიხარულსა და გართობაში, ყელში მომიჭერს უკიდეგანო სევდა.. ერთ წამში გაცამტვერდება ბედნიერების მოჩვენებითი ნიღაბი... ფერადი, მწვანე, ლურჯი და ბრჭყვიალა კადრების ფონზე, შავად გადაბუგული ომის სურათი გამოცურდება.. გამოცურდება და გაგახსენებს, რომ რაღაც უნდა მოიმოქმედო.... რომ აღარ იყოს ომი...! ჰო შენ..! შენ რაღაც უნდა მოიფიქრო.. ასე ხომ არ იქნება სულ... ტყუილად ხომ არ მოსულხარ.. ამდენი გიფიქრია.. ამდენი განგიცდია.. ამდენი გიგრძვნია.. ვერაფერი ვერ უნდა მოიფიქრო???? წარმოუდგენელია.........!!  მერე ისევ თავს გაანებებ ომზე ფიქრს.. იმიტომ, რომ ვერ უძლებ. პირველ რიგში ვერ უძლებ საკუთარი უსუსურობის განცდას.. ამიტომ ადგები და გადადებ სახვალიოდ გამოსავლის ძიებას.... არადა ომი გრძელდება....

მომავალზე ღელვას დიდი ხანია თავი დავანებე.. რა ეშველებათ ჩვენს შვილებს.. როგორი განათლება უნდა მივცეთ მათ.. რა პერსპექტივა აქვთ ამ ქვეყანაში.. ან სხვაგან.. ეს თემები დავხურე და ვცდილობ აწმყოზე ვიყო ორიენტირებული.. შვილებს მინდა ვასწავლო უპირობო სიყვარული, სამართლიანობა და საკუთარი თავის ძიება.. ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნა...  დანარჩენს თვითონ მიხედავენ.. ან სწავლებითაც როგორ უნდა ასწავლო.. თეორიით და დოქტრინებით კაცი ადამიანად ვერ შეიქნება.. ისევ მაგალითის ძალით თუ დაანახებ და აგრძნობინებ.. და მაშინ გამოდის, რომ ისევ საკუთარი თავის შემეცნებასა და ზრდა-განვითარებაზე უნდა ზრუნავდე... უნდა გიყვარდეს.. შენ თვითონ უგონოდ უნდა იყო შეყვარებული ადამინში.. კაცობრიობაში... თვით სიყვარულში... სამყაროსთან განუყოფელი ერთიანობის  განცდით უნდა ცხოვრობდე... საყოველთაო მთლიანობის გაცნობიერებით უნდა სუნთქავდე... უნდა იყო კაცი!

რას ვქადაგებ და რისი თქმა მინდა, რომ ვზივარ აგერ და ვაწკაპუნებ ამ კლავიატურას, მე თვითონ არ ვიცი... რა შედეგი მინდა რომ გამოიღოს ჩემმა სიტყვამ ამის გამოგნესთვის, წარმოდგენა არ მაქვს.. არც იმის მოლოდინი და ამბიცია მიღიტინებს, რომ არიქა და მომისმინეთ, სიბრძნეს ვღაღადებთქო... მინდა უბრალოდ იგრძნოთ სიყვარული... იმიტომ,  რომ თუ ყველა იგრძნობს სიყვარულს, მგონია, რომ ომი ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება აღარ იყოს... უბრალოდ ვეღარ გაუძლოს ომმა ამდენ სიყვარულს და ადგეს და დაყაროს იარაღი..... მხოლოდ სიყვარული თუ დაამარცხებს ომს.. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და რამდენჯერაც ომზე ვფიქრობ, მაფიქრდება მხოლოდ სიყვრაული... სხვა გამოსავალი თავში არ მომდის... არც ახალს ვამბობ რამეს.. მაგრამ თავიდან, კიდევ ერთხელ მაინც ხომ გაგახსენებთ: სიყვარულით ვეომოთ ომს!